


ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.




თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი,მსურველი ავისა.

უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგან ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.




შემოუძახა:"შე,ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?
ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ,აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!"

"_რა ბრძანებაა,ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითახარ,მე_ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?"

"_მაშ,მე ვსტყუიო?გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვ
შენგან ბრიყვული წყენაო!"
"_ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?"

"_მაშ,ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო?"
"_არც ძმა მყავს,ჩემო ხელმწიფევ,
ტყუილად რად მდებთ ბრალსაო?"

"_შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!
მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!"

უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?
