
ისტორიული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ.



თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი, პასუხისმგებლობა და უფლება მემკვიდრეობის დაცვისა და პატრონობის საქმეში.

ჩვენი ქვეყნის ისტორიულმა მემკვიდრეობამ გაუძლო ათასწლეულებს. ხალხს ჰგონია, რომ ის მარადიულია. სინამდვილეში ნებისმიერი ძეგლი, დროთა განმავლობაში ზიანდება, ზოგჯერ კი ადამიანთა მიზეზითაც. უნდა ვიცოდეთ რომ ის, ვინც კულტურის ძეგლს ანადგურებს, ანადგურებს ერის ისტორიას, კულტურასა და მის წარსულს. ამიტომ კულტურის ძეგლის დაზიანება მკაცრად ისჯება კანონით.


ალბათ გინახავთ, წარწერა ეკლესიის კედელზე ან ფრესკაზე, ძეგლებზე ამძვრალი და მოსიარულე ადამიანები ან ისინი, ვისაც ისტორიული ძეგლიდან სუვენირად მისი მონატეხი ქვა მიაქვს თან. ყველაფერი ეს, თუნდაც ერთი შეხებაც კი, საგრძნობლად აზიანებს საუკუნეების მანძილზე შემონახულ ჩვენს მემკვიდრეობას.

ტურისტების მიერ ფოტოაპარატის ნათებით გამოყოფილი სითბო, იწვევს ფრესკების გამოშრობას და გაუფერულებას.

ძეგლთან ახლოს დანთებული კოცონი ან უყურადღებოდ დატოვებული სანთელი საფრთხეს უქმნის ძეგლებს. ცეცხლი და მისი ჭვარტლი განსაკუთრებით საზიანოა კედლის მხატვრობის ნიმუშებისათვის.

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი მდიდარია ფრესკული მხატვრობით. აქ არის უნიკალური გამოსახულება, რომელზეც თამარ მეფე, მისი ვაჟი გიორგი ლაშა და თამარის მამა, გიორგი III, ერთად არიან გამოსახულნი. ეს ფრესკა საქართველოში ერთადერთია და მას ანალოგი არ გააჩნია.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის პირველ ნოემბერს, ღამით გაჩნდა. გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ. მათი ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, რის გამოც ცეცხლი ჯერ ძირს დაფენილ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. აქ რამდენიმე ათეული პარაფინის სანთელი იყო და ამან ცეცხლი კიდევ უფრო გააძლიერა.

რესტავრატორების ჯგუფმა დაზიანებული ფრესკების გაწმენდას დაახლოებით ერთი წელი მოანდომა.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
