
იაკობ გოგებაშვილი
"ოთხი სურვილი"

ნიკომ პატარა ციგით ბევრი ისრიალა თოვლზე,მერე გახარებულმა მამასთან მიირბინა და უთხრა:"უჰ ,მამიკო,რა კარგია ნეტავ სულ ზამთარი იყოს!"
შენი სურვილი ჩემს უბის წიგნაკში ჩაწერე, სთხოვა მას მამამ.ნიკომ ჩაწერა.
დადგა გაზაფხული.ნიკომ პეპლებს ბევრი სდია,ლამაზი ყვავილების კონები შეკრა.მერე მამასთან მიირბინა და უთხრა:"რა მშვენიერია გაზაფხული,ნეტავ სულ გაზაფხული იყოს."მამამ ნიკოს ეს სურვილიც თავის უბის წიგნაკში ჩააწერინა.
მოვიდა ზაფხული.ნიკო ხან მდინარეში ბანაობდა,ხან თევზაობდა,ხან მარწყვს კრეფდა.საღამოს მამასთან მიირბინა და უთხრა:"უჰ,დღეს რამდენი ვისიამოვნე,ნეტავ სულ ზაფხული იყოს".მამამ ეს სურვილიც უბის წიგნაკში ჩააწერინა.
დადგა შემოდგომა.ბაღები მწიფე ხილით აივსო.ნიკომ რთველში ბევრი აკიდო აჭრა.საღამოს მამასთან მიირბინა და უთხრა:"შემოდგომა ყველა დროს სჯობნებია."
მაშინ მამამ წიგნაკი ამოიღო და ნიკოს წააკითხა ყველა იმისი ჩაწერილი სიტყვა.ნიკო ცხადად მიხვდა,რომ თავის რიგზე ყველა დრო კარგი ყოფილა.

უპასუხე კითხვებს:
.რატომ მოეწონა ნიკოს ზამთარი? გაზაფხული? ზაფხული? შემოდგომა?
.რატომ წააკითხა მამამ ნიკოს უბის წიგნაკის ჩანაწერი?
.რატომ ჰქვია ამ მოთხრობას "ოთხი სურვილი"
.რას გვასწავლის ეს მოთხრობა?
რომელია ზედმეტი და რატომ?
.სექტემბერი,დეკემბერი,ოქტომბერი,ნოემბერი
.თოვს. ენძელები და იები ამოდიან.ფრინველები თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
.ბავშვები გუნდაობენ.მიწაზე ყვითელი ფოთლების ხალიჩაა დაგებული. თოვლის პაპა საჩუქრებს არიგებს.
