
რესურსის ავტორი: ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი მზია ცირეკიძე


ძველ დროში კახეთში ყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი ვაშლოვანი, რომელსაც დასავლეთით ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთით - ხშირი და დაბურული ტყე, რომლითაც შეფენილი იყო მთა.
ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლოს, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებით. ეს სასახლე ეკუთვნოდა ზურაბ ქართველაძეს, რომელიც მთელ კახეთში განთქმული იყო თავისი სიმდიდრითა და პურადობით


ზურაბს ცოლად ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი სწორედ ოქროს გულის პატრონი იყო. ამასთან მაგდანს ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყო მთელ იმ მხარეში თავისი მშვენიერი სიმღერით. ვინც კი მის სიმღერას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა.
ზურაბსა და მაგდანს ჰყავდათ ერთადერთი შვილი - ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, ბამბის ქულასავით თეთრი, ცქრიალა, მხიარული და დაუღალავი მოტიკტიკე. ქეთოს ძალიან უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა საათობით.

სოფელ ვაშლოვანში კარგა ხნიდან სავაჭროდ დაიარებოდა ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ისინი ისეთი წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ მოელოდა, მაგრამ გაბედეს და გადაწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და, რა წამს ხელში ჩაიგდებენ მოხერხებულ დროს, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედ წაიყვანონ დაღესტანში.


ერთ დღესაც, როდესაც ქეთო და მისი გამდელი სახლის ახლოს, ტყის პირას სეირნობდნენ, უცებ საიდანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა და გაიტაცა. გამდელმა დაყვირება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტი ჩაარტყა და უგონოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.
ქეთოს დედ-მამას ეგონათ, მეზობლებში არიან ჩვენი ქალი და გამდელიო. როდესაც დაღამდა და გამდელი და ბავშვი არსად ჩანდნენ, ყველგან დაუწყეს ძებნა. დიდხან ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვარივით ეგდო. ღამის სიგრილემ და ხმაურმა გამოაცოცხლა გამდელი, რომელმაც სუსტი ხმით უამბო მათ, როგორ მოიტაცეს ლეკებმა ქეთო.

ზურაბმა სწრაფად შეკრიბა თავით ფეხებამდე შეიარაღებული ოცამდე ვაჟკაცი, თავადაც კარგად შეიარაღებული წინ გაუძღვა და გამტაცებლებს დაედევნენ.
ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას შემდეგ, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს, კარგა ხანმა გავლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრო ბილიკები და მათზე სიარული ბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო გამოუცდელი და უჩვევი კაცისთვის. მაშინ, როცა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზე სიარული. ამიტომ ლეკებმა დიდ მანძილზე გაუსწრეს მდევარს. ზურაბი თავისი ამალით იძულებული შეიქნა, ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვე დაბრუნებულიყო.

ლეკებმა მთელი ღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებლად იარეს და მოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში.
ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს დაღესტნის ერთ დიდ სოფელში კახეთის საზღვართან ახლოს. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი და გავლენიანი ნაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტნისა. მას ცოლად ჰყავდა ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცური გამბედაობით და მეტად ნაზი გულით. ისინი დიდი ხნის დაქორწინებულნი იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ.

საღამო ჟამი იყო, როცა ნაიბისა და იმის ცოლის სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთ მათგანს შეამჩნიეს ზურგზე გუდა, რომლიდანაც ბავშვის თავი და სახე მოჩანდა. დაუძახეს თავისთან. ლეკებმა სიმართლე დაუმალეს,-უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვეთ და წამოვიყვანეთო.
პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მოგზაურობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერ მისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს, მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფრო საყვარელ ბავშვად ხდიდამას. რა წამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს, მაშინვე გული ზედ შეუვარდათ.
ნაიბმა და მისმა ცოლმა მაშინვე გადაწყვიტეს ბავშვის დატოვება და ლეკებს სანაცვლოდ ვეებერთელა ქისა ოქროებით სავსე მისცეს.

დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა, მაგრამ იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვი ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მიალერსება და ზრუნვა სწორედ შვებად ეჩვენა. პირველ ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზე გულცივად იყო და ხშირად ტიროდა, როცა თავის დედ-მამასა და თავის სოფელს მოიგონებდა, მაგრამ ნაიბი და იმისი ცოლი ისეთი სიყვარულით, მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, მალე დაავიწყებინეს ყველაფერი წინანდელი.

ნაიბმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ თანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე. ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოს თავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და იმისი ცოლი, იმათით ცოცხლობდა, იმათით ხარობდა. ლეკურმა ენამ დღითი დღე შეასუსტა ქართული ენა, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანის სახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს გრძნობდა მხოლოდ ერთ დანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან.

აწმყომ ქეთოს სულში წარსული ჯერ მკრთალი გახადა და მერე სრულიად გააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, კახეთის შვილი-დაღესტნის შვილად.
ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანება გასცა სოფელში: არამც და არამც არავინ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომ ნაშვილარია და არა ჩვენი ღვიძლი შვილიო.

ქეთოს დედ-მამამ დიდხანს არ იცოდა, რა უყვეს ლეკებმა ბავშვი. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ზურაბმა ერთი ნაცნობი ლეკისაგან გაიგეო ქეთოს ადგილ-სამყოფელის შესახებ ნაიბს შეუთვალა, რომ ეგ ქალი ჩემი შვილია, მოტაცებულია ჩუმად. ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო.
ნაიბმა უარი შემოუთვალა: თუნდ მთელი კახეთის სიმდიდრე კარებზე დამიგროვო, მაინც ვერ დაგიბრუნებთო, მე და ჩემს ცოლს მზე ამ ბავშვზე ამოგვდისო.

ამ პასუხის შემდეგ ზურაბს მხოლოდ ძალით ან რაიმე ხერხით შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა. ზურაბმა გადაწყვიტა ქეთო მოეტაცებინა. მან ნაცნობი ლეკების საშუალებით შეიტყო ქეთოს ასავალ-დასავალი.
დადგა მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ერთ დღესაც ზურაბი ნაცნობი ლეკისა და ათი შეიარაღებული ვაჟკაცის თანხლებით შეუმჩნევლად მივიდა ნაიბის სოფლამდე, ჩასაფრდა იმ ადგილას, სადაც ქეთოს უნდა გამოევლო. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, გამოჩნდა ქეთო. ზურაბი თვალებად გადაიქცა და გულის ცემამ მოუმატა


ქალი თანდათან მოუახლოვდა. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა, გაზრდილიყო, მაგრამ ფერი და სახე უწინდებური შერჩენოდა. ზურაბი ფრთხილად მიუახლოვდა და უთხრა: - ნუ გეშინია, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი, რომ დედასთან წაგიყვანო შინ!
ქეთო შეკრთა, დაფრთხა, ვერ გაიგო, რა უნდოდა მისგან ამ უცხო კაცს და შექმნა საშინელი წივილ-კივილი.

ზურაბმა იფიქრა , თუ ლაპარაკში დრო დავკარგე, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ ფრთხილად დაავლო ქეთოს ხელი და გაიტაცა ტყისკენ.
ნაიბმა გვიან შეიტყო ეს ამბავი, საშინლად შეწუხდა, მიხვდა, ვინ მოიტაცებდა მის ქალს. მაშინვე შეკრიბა ოცდაათი შეიარაღებული ვაჟკაცი და დაადევნა, მაგრამ ზურაბის და ქეთოს კვალს ვერსად მიაგნო.
ზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წაიყვანა, რადგანაც იცოდა, რომ მდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზას, რომელიც კახეთის ზემო სოფლებისაკენ მიდიოდა. შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო. მაგრამ ვაი ამ მშვიდობას.

პირველ ხანებში რომ ქეთო ვერ იცნობდა თავის მშობლებს, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბ ქართველაძეს. მაგრამ, ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონს და გაიხსენებდა ჯერ თავის მამას , მერე-დედას, თავისი ბავშვობა მოაგონდებოდა და გამხიარულდებოდა. ამ აზრით იყო დაიმედებული ზურაბი, როცა თავისი სახლის კარი შეაღო, შეიყვანა შიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: -აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო!
სიხარულისაგან აღტაცებული მაგდანი გაექანა თავისი შვილისაკენ, მაგრამ ხალისი მწუხარებად გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. ქეთოზე არავითარი გავლენა არ იქონია მაგდანის მხურვალე ალერსმა.

გავიდა რამდენიმე კვირა და მშობლების იმედი, რომ ქეთო მალე გაიხსენებდა ყველაფერს, არ ასრულდა. იგი თითქმის არას ჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად ტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველაფერი ეუცხოვებოდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა.

ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომ როგორმე მოეგონებინათ მისთვის პატარაობა: დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს; მიიყვანა წყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის ქალები კოკებს ავსებდნენ; აჩვენა მისი დედოფალები, რომელიც ყუთში შენახული ჰქონდა; აჩვენა მეზობლის შვილები, მისი ტოლები, რომლებთანაც ის ხშირად თამაშობდა პატარაობისას; დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგებ ის მაინც ეცნო; რამდენდენჯერმე მიაქცია ქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკას, რომელსაც ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გაჭრა.
დედ-მამამ ქეთოს შეუკერეს მშვენიერი ქართული ტანისამოსი, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა. უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.
-არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებას, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში პირი ჩვენკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემი ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლს. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, - უთხრა ზურაბმა თავის ცოლს, მაგდანს.
ხოლო დედა ასე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოს და თავის ერთადერთ შვილს არასოდეს გააგზავნიდა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.

ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. საოცარი დილა გათენდა: მზის სხივებმა ათასფრად ააგრჭყვიალა მცენარეებზე დილის ნამი. ტყე სავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელი ჟივილ-ხივილით.
ბუნება შეუდარებელი მკურნალია ადამიანის ვარამისა და დარდისა. მან შვება მისცა ქეთოს ნაღვლიან გულსაც. დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება და იმედი მიეცა. მან სრულიად უნებურად, თავისთვის დაიწყო იავნანის ღიღინი. ქეთოს აშკარად დაეტყო სახეზე აღელვება. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. ქეთო, თითქოს ცდილობდა, დედის სახეზე ამოეკითხა რაღაც დიდი საიდულო და კიდეც ამოიკითხა. აღელვებულ სახეზე ნათელი მოეფინა.


უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით: ,,დედავ!". მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და დაუწყო კოცნა. ცოტა ხნის შემდეგ ზურაბმაც შემოაღო კარი. ქეთო მიეგება შემოსულს, დაიძახა: ,,მამა!" და მოეხვია. ყველას თქრიალით ჩამოსდიოდა ცრემლები, მაგრამ ეს ცრემლები იყო სიხარულისა, შვებისა, ლხენისა.
ქეთომ წაავლო დედას ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენა თავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, შემდეგ ყუთიდან ამოიღო თავისი ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. ისევ მიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან, შეადარა სახეები და აშკარად დაინახა, რამდენად ჰგავდა დედას. მიუბრუნდა მამას და ხელახლა დაუწყო კოცნა


ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თავისი პატარაობის დრო. აქამდე ის დაჰყავდა დედას აქეთ-იქით ძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარ აძლევდა დედას და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, ხან წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლის არემარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც.
ყოველი ვაშლოვანელი, დიდი თუ პატარა გახარებული იყო ქეთოს გონზე მოსვლით. მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და ზურაბს. ამ ძლიერ მხიარულებას სწორედ შეეფერებოდა მაგდანის ხშირი სიმღერა, რომელსაც ისე გაუმაძღრად ეწაფებოდა ქეთო, როგორც დიდხანს უწყლოდ მყოფი შველი ეწაფება წმინდა წყალს.

ერტხელ, როცა ქეთომ გული იჯერა ახალიცხოვრებით, სთხოვა თავის დედას, რომ დაღესტანში მოკითხვა შეეთვალათ ნაიბისა და მისი ცოლისათვის, რადგან ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდებოდი და რა მომივიდოდაო. თქვენ მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობლები, იმათ კი პატივს ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთ და აღმზდელებსო.
ზურაბმა და ქეთომ ნაიბი და მისი ცოლი რთველში დაპატიჟეს. ისინიც დიდი სიხარულით ეწვივნენ ქართველაძეებს. ქეთოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხ ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულით და სულით უყვარდა.
ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანმაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი.

სიყვარული დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში, ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით ქეთოს გული გახდა დაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, ჩაუქრობელი ლამპარი მოყვასის სიყვარულისა.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $7.59+) -
BUY THIS BOOK
(from $7.59+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!