რესურსის ავტორი: მზია ცირეკიძე
ქუთაისის N33 საჯარო სკოლა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა
ვეფხისტყაოსნისა
ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად
ანატირსა.
დაინახეს უცნობი რაინდი, რომელიც მდინარის პირას იჯდა და ტიროდა, ლომგულ ვაჟკაცს ხელთ სადავით ეჭირა შავი ცხენი. მისი აბჯარი და ლაგამ-უნაგირი თვალ-მარგალიტით უხვად იყო შემკული. გულმდუღარედ ტიროდა და ცრემლებს მისი ლოყები დაეთრთვილა.







მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა, უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.
მას ტანზე ეცვა ვეფხის ტყავისაგან შეკერილი ბეწვიანი სამოსი, თავზე კი ვეფხისტყავისვე ქუდი ეხურა. ხელში მკლავზე უფრო მსხვილი მათრახი ეჭირა. ისეთი არაჩვეულებრივი იყო, ვინც კი ნახავდა, კვლავ მოუნდებოდა მისი ნახვა






მეფემან ბრძანა: ,,ვინ არის უცხო პირად და ტანადო?"
უბრძანა ერთსა მონასა: ,,წადი ფიცხლად და ჯანადო!
,,გიბრძანებს", უთხარ, ,,ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა
თანადო!
ვინმცა ხარ, მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანად!"
მეფე დაინტერესდა იმ უცხო ჭაბუკით და ერთ თავის მონას უბრძანა: სწრაფად წადი და იმ უცხო მოყმეს უთხარი, რომ მეფე გიბარებს და მეახლოსო






წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზ-
ღარისად.
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,
ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისად თქმად
აღარისად.
მონა წავიდა იმ გულმდუღარედ მტირალ რაინდთან დასალაპარაკებლად, რომელიც თავჩაქინდრული მართლაც გულწრფელად ტიროდა და არა ვინმეს მოსაჩვენებლად. მისი ცრემლები გიშრის ღარში ანუ შავ წამწამებში მოედინებოდა. მიუახლოვდა მონა, მაგრამ სიტყვის სათქმელად ძალა ვეღარ მოიკრიბა






ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით, თუმცა გული უმაგარდა;
მოახსენა: ,,გიბრძანებო", ახლოს მოდგა, დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.
უცხო მოყმის დანახვით გაოგნებულმა და დაბნეულმა მონამ სიტყვის თქმა ვეღარ გაუბედა. დიდხან უცქირა გაკვირვებით, ბოლოს გული გაიმაგრა და წყნარად და მორიდებით უთხრა, მეფე გიბარებსო, მაგრამ მტირალ მოყმეს არაფერი ესმოდა და ვერც კი შენიშნა მონა







მას მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოჰსკვნოდა გული, ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.
უცხო მოყმეს იმ მონის ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გაუგონია, არც ლაშქრის ხმაური ესმოდა. უჩვეულოდ აკვნესებული გულიდან ცეცხლივით ამოსდიოდა ტკივილი. ისე ტიროდა , რომ მისი სისხლშერეული ცრემლები გუბეს აყენებდა







სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
უცხო მოყმის ფიქრები სხვაგან ქროდა. მონამ კიდევ ერთხელ გაუმეორა მეფის ნაბრძანები, მაგრამ მას არც ტირილი შეუწყვეტია და არც პირი გაუღია, რომ სიტყვა ეთქვა მონისათვის.







რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: ,,შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და"
როცა მოყმემ პასუხი ვერ მიიღო, მონა იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. როსტევანს უთხრა, იმას თქვენი არაფერი უნდა, ვერაფერი გავაგებინე რა, ამიტომ დავყოვნდიო. მის შემხედვარეს თვალი გამიშეშდაო.







მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის
მწყრომარე,
გაგზავნა მონა თორმეტი მისი, წინაშე მდგომარე,
უბრძანა: ,,ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იგი მჯდომარე!"
ამის გამო მეფე განრისხდა, თან გაუკვირდა, როგორ გამიბედაო. მის წინ მდგომ თორმეტ მონას უბრძანა, იარაღი აისხით და ის მჯდომარე უცხო მოყმე მომგვარეთო

მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია,
ერთხელ ესე თქვა ,,ვა მეო", სხვად არას მოუბარია.
როდესაც მონები მიუახლოვდნენ და აბჯრის ჩხრიალი გაისმა, ცხარე ცრემლით მტირალი მოყმე მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. თვალები მოავლო ირგვლივ და ლაშქარი რომ დაინახა, მხოლოდ ერთი წამოიძახა, ვაიმეო !



თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა,__ მონათამცა საუბარნი რად იყურნა!__
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.
თვალებზე ხელი მოისვა, ცრემლები შეიმშრალა, ხმალი და ისრები მოიმარჯვა, შეჯდა ცხენზე და ისე, რომ მონათა ლაპარაკისთვის ყურადღებაც არ მიუქცევა, სხვა მხარეს გაემართა და მათი განზრახვა არ დააკმაყოფილა









მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან, გლახ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრნა ერთმანეთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპო
ბელად.
მონებმა ხელი აღმართეს იმ მოყმის შესაპყრობლად, მაგრამ მოყმემ ისინი ისეთ დღეში ჩაყარა, მტერსაც კი შეებრალებოდა. ისე, რომ იდაყვიც არ აუცილებია მხრისათვის, ერთმანეთს ჰკრა და დახოცა, ზოგს მათრახი გადაჰკრა და შუამდე გახლიჩა.






მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა,
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ავაგლახნა.
მეფე გამწარდა და კიდევ უფრო განრისხდა. ლაშქარს შეუძახა და უბრძანა, აუცილებლად შეეპყროთ ის მოყმე, მგრამ მოყმე მათ მისვლას არ დაელოდა და მოუხედავად წავიდა. ლაშქარი გაედევნა, მაგრამ ვინც დაეწია, ერთმანეთს შემოსტყორცნა და ყველანი მკვდარს დაამსგავსა. ამის გამო როსტევანი ძალიან გააბრაზა და დაამწუხრა






შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
შეიგნა მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად.
ბოლოს მეფე და ავთანდილი ამხედრდნენ ცხენებზე და გაემართნენ მოყმისაკენ, რომელიც მშვიდად და ამაყად, მოხდენილად მიირხეოდა მერანზე მჯდომი და ველს მზესავით აფრქვევდა შუქს.







რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა,
მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა.
ეძებდეს და და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.
როგორც კი მოყმე მიხვდა, რომ ლაშქართან ერთად მეფეც დაედევნა,მაშინვე გადაჰკრა ცხენს მათრახი და ისე გაქრა ერთ წამში, თვალიც ვერავინ მოჰკრა-ქვესკნელში ჩავარდა თუ ზეცაში აფრინდა. ბევრი ეძებეს, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს.







კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფვა აქვს წყლულთა
ხვევისა.
მეფემან ბრძანა: ,,ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა".
ბევრი ეძებეს, მაგრამ მისი კვალიც კი ვერსად იპოვეს. უკვირდათ კაცის ასე გაქრობა, როგორც ეშმაკისა.
ლაშქარი მკვდრებას დასტიროდა, დაჭრილებს წყლულებს უხვევდნენ. მეფემ ბრძანა, რომ ლხინი შეეწყვიტათ


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $5.99+) -
BUY THIS BOOK
(from $5.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!