
XI კლასის მოსწავლეთა შემოქმედება
ანი შამუგია
დილის 8 საათი სრულდებოდა,როცა თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და ჩემმა გულმაც უფრო სწრაფად იწყო ფეთქვა.მალე ქუთაისის აეროპორტში დაფრინდებოდა.გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და ხომ გაგიგიათ, ,,საგულედან ამოვარდნას ლამობსო“ ,აი, ზუსტაგ ეგრე მიცემდა.არა,ნუ იფიქრებთ,რომ ფრენისა მეშინია,არც კონკრეტულად დაშვების მომენტი მაშინებს,როგორც ზოგ ჩვენგანს სჩვევია.ეს აღელვება უფრო სხვა რამეს უნდა მივაწეროთ და ზუსტად კი ვიცი, რასაც.
მოკლედ, მეგობრებო,უფრო კარგად, რომ მიგახვედროთ ჩემი აღელვების მიზეზი რაში მდგომარეოდა,აქვე პატარა მაგალითსაც მოგიყვანთ.
საზღვარგარეთ ხომ ყოფილხართ?არა, თუ არ ყოფილხართ არც ეგაა პრობლემა,სოფელში მაინც ხომ იქნებით ნამყოფი.თქვნს სახლ-კარს მიახლოებულებს განა გული უფრო გამალებით არ გიცემთ?განა,ცოტაოდენი აღელვება არ აიტაცებს,თქვენს სხეულს უკვე ნაცნობ და მონატრებულ გზას რომ დაადგებით,ნაცნობ მაღაზიას,შენობას რომ დაინახავთ,ან ნაცნობ ნელად მოკამკამე მდინარეს რომ გახედავთ.თითქოს ბედნიერების გრძნობით ივსები, მდინარე ისევ იქ რომ გხვდება, სადაც დატოვე,მაგრამ განა მდინარე სადაა წამსვლელი?კვლავ შენ თუ არ მიატოვე იგი.ასეა თუ ისე, სორედ ამ აღელვებას განიცდიდა ჩემი გონებაცა და სხეულიც,თითქოს სამშობლოს სიახლვეს გრძნობდა.ასეთი აღელვებით ჩამოვდგი ფეხი ტრაპიდან და როგორც კი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე,მაშინვე მივხვდი,რომ მთელი შვიდი
წელი სუნთქვაშეკრული დავიარებოდი და გამიკვირდა სხვის ჰაერს ამდენი ხანი როგორ ვსუნთქავდი-მეთქი.შენ, მეგობარო, შეიძლება იკითხო, განა ჰაერი ყველგან ერთი არააო?მე კი გიპასუხებ,რომ ,,სამშობლოს ჰაერი სხვა ჰაერია“ განა ჩემი სიტყვებია,ბევრ ისეთ ადამიანს უთქვამს, ჭკუა რომ მოეკითხება.
აეროპორტიდან გამოსულმა ერთ რიგად ჩამწკრივებულ ტაქსისტებს გავხედე და მათაც ყველამ მე მომაპყრო მზერა.რამდენიმე მათგანმა წინ წამოიწია,რამდენიმემ ერთიანად მკითხა, საით მიდიხარ ,ძამიაო?მეც პირველივე ტაქსისტთან მივედი და ავტოსადგურამდე მიყვანა ვთხოვე.თბილისამდე ავტობუსით მგზავრობა მქონდა გეგმაში.
ტაქსისტი ერთი 53-55წლის, დაბალი,გამხდარი კაცი
იყო.ძველი ტანსაცმელი ეცვა,ალაგ-ალგაგ გარღვეული ნაქსოვის ჯემპრი,მაგრამ სუფთა.თავზე ქუდი ეხურა და საჭეს ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა.უცებ ქართველთან გამოლაპარაკების სურვილმა ამიტაცა და ვკითხე:
-რამდენი წლისა ხართ, ბატონო?-თან მაინტერესებდა მისი ასაკი სწორად ვივარაუდე თუ არა.მანაც მანქანის სარკიდან ამომხედა და მისი ნაღვლიანი,დანაოჭებული თვალების დანახვაზე აზრი წამსვე შემეცვალა და მივხვდი,რომ სადღაც 65წლისა იქნებოდა.
-63წლისა ვარ, ბაბუ - მიპასუხა მან.ბაბუო რო მითხრა, გამეცინა.განა მე ასეთი პატარა ვიყავი?იანვარში 40 წელი მისრულდებოდა.
-რეიზა გეცინება ბაბუ,შენ რამდენი წლისა ხარ?-ისევ ბაბუო.ცოტათი მესიამოვნა კიდეც, ვიფიქრე ასაკი არ
მეტყობა-მეთქი.
-40 წლისა გახლავართ.
-რაიო?-მოხუცმა ახლა სარკიდან არა და პირდაპირ უკან გამომხედა.მეც გავუღიმე.
-შენ ის მითხარი, სიდან მოდიხარ, ბაბუ?
-საფრანგეთიდან.
-აი თურმე…-თქვა და რაღაცაზე ჩაფიქრდა - ერთი ისიც მითხარი,რამდენი ხანია საქართელოში არა ყოფილხარ?
-7 წელია - ვუთხარი დაბნეულმა.ვერ ვხვდებოდი საუბარი საით მიჰყავდა.
-აი, თურმე…საფრანგეთში რა დაგაბერებდა ბაბუ,შენი სამშობლოს უბედურებისგან მოწყვეტილს - ჩაილაპარაკა ისევ ნაღვლიანად - კაია არა საფრანგეთი?გლახა რატომ უნდა იყოს.
-ფრანგისთვის კარგია, ბატონო.
,
-საფრანგეთი ფრანგისთვის უნდა იყოს აბა ქართველისთვის ხომ არ იქნებაო - მიპასუხა მან - ერთი მითხარი შენთვის რატოა ,ბაბუ ცუდი?
- მე ქართველი ვარ და მაგიტო.
-ნუთუ საფრანგეთი ტურისტებსა და უცხო სტუმრებს არა სწყალობს?-აქ კი გამეცინა.
-არა, ბატონო,ეგ რომ საფრანგეთს დავწამო, დიდი უსამართლობა იქნება ჩემი მხრიდან.საფრანგეთმა მომცა განათლება, მაგრამ წასვლის დღიდან გული მაინც საქართველოში მიძგერდა.ხომ იცი,შენი მამული სხვაა.განა შენ არა სთქვი ფრანგისთვისაა, საფრანგეთიო,ზუსტად ისეა ქართველისთვის საქართველო…შეუცვლელი და ერთადერთი.
-აი, თურმე…-ეს სიტყვა ალბათ ძალიან უყვარს,- გავიფიქრე
გულში, - კი გყვარებია შენი საქართველო.ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად, ისევ უკან გაბრუნება იქნება ბაბუ გამოსავალი მისი დათვალიერების გარეშე,რომ გახსოვდეს ისევ ის, რაც დატოვეო. აი,რა მითხრა.
-განა რა შეიცვალა?
-რა შეიცვლებოდა, ბაბუ?ხალხი შეიცვალა, ხალხი.თორე შენითაც ხედავ საქართველო ისევ იქაა, საცა დატოვეო.
მეტი არცერთს არაფერი გვითქვამს. საბოლოოდ ავტოსადგურზე გაჩერდა და როცა ფული მივაწოდე, არ გამომართვა, ასე მითხრა, ,,საქართველოს სიყვარული არ მოგიშალოს ღმერთმაო“და გზა გააგრძელა.ცოტა კი გამაკვირვა და დამაფიქრა მისმა ნათქვამმა, უცნაურ მოხუცად ჩავთვალე და ქუთაისი-თბილისის ავტობუსში
ავედი.მიხაროდა,რომ პირდაპირ თბილისის აეროპორტში არ დავფრინდით.ქუთაისიდან თბილისამდე მონატრებულ სამშობლოს გზად დავათვალიერებდი.
ავტობუსიც დაიძრა მძღოლს რადიო ჰქონდა ჩართული ,რომელსაც ყოველი მგზავრი გაფაციცებით უსმნდა.
-ყველა უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს.გესმით, რა ხდება ქვეყანაში? - ამბობდა ერთ-ერთი.
-სრული განუკითხაობაა.ხალხს არჩევნის საშუალებასაც აღარ უტოვებენ - აჰყვა მეორე .
-არჩევანი რომელია.გაპროტესტებასაც არ აცდიან.ჩემს ბიძაშვილს აქციაზე თვალი დასთხარეს უნამუსოებმა - ამას მოჰყვა თავის ქნევა,ამოოხვრა,ზოგმა ,,ნწნწ“-ო,ჩაილაპარაკა.ხალხს გადავხედე და ცოტათი გული შემეკუმშა.ერთი კი გავიფიქრე, ყვლას ერთნაირი თვალები
რატომ აქვს- მეთქი.გამახსენდა, იმ 63-წლის ტაქსისტის დანაღვლიანებული და ტკივილნარევი თვალები და რაოდენ გაკვირვებული დავრჩი,როდესაც ავტობუსში ახალგაზრდაც,მოხუციც, ქალიც და ვაჟიც მსგავსი თვალებით იყურებოდნენ.
რაღაც ისე ვერ იყო…
რადიო განაგძობდა და განაგრძობდა ახალი ამბების ცნობას…,,აქციაზე ხალხი დაარბიეს“… ,,კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდა “… ,,სიცივისგან ქუჩაში ქალი გაიყინდა და გარდაიცვალა“…ვისურვებდი, კარგი ამბავი გამეგო,მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ტვინი მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ამბებით გამევსო.
ამ ფიქრებში გადავარდნილმა, ვერც შევამჩნე, სურამს როგორ მივუახლოვდით.ნაძვნარში ნაცნობი სიუჟეტი დამხვდა,რამაც -
ძალიან გამახარა.ქალები ნაზუქების ქნევით შეგვეგებნენ.სახეზე ღიმილი თავისთავად გამომხატვოდა და ვერ ვიცილებდი.ამ სანახაობას მალევე მოჰყვა ,,სურამის ციხე“, მთებისა და მზის ფონზე როგორ ლამაზად აღმართულიყო.ფანჯარა გამოვაღე და ჰაერი ისევ ხარბად შევისუნთქე .ამას მოჰყვა ხაშური,გორი,წეროვანი.წეროვანში დევნილების სახლებს გავხედე.მწარე მოგონებებს მახსენებდა ეს ადგილი და არასდროს მსიამოვნებდა მისი ხილვა.სამ საათში უკვე თბილისში ვიყავით.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამმა საათმა ერთ წამში გაიარა.
,,ესეც ჩემი თბილისი“,-გავიფიქრე გულში.და ისევ ტაქსში ჩავჯექი. ამჟამად ტაქსისტი ახალგაზრდა ბიჭი იყო.მასაც ძველი ტანსაცმელი ეცვა,მაგრამ სუფთა.ამაში ქართველებს ვერ შეეცილებოდი.
-საით მიდიხართ?
-ვერაზე,პეტრიაშვილის 35, - სიხარულით ვუთხარი მისამართი.ბიჭმა ამათვალიერ- ჩამათვალიერა.გავიფიქრე, ნეტა როგორ გამოვიყურები მეთქი,შემეშინდა უაზროდ მოღიმარი სახის გამო სულელად არ მიმიჩნიოს-მეთქი და ღიმილი მოვიცილე.ისე კი საფრანგეთში ნაყიდი კარგი ხარისხის თხელი,დუტის ქურთუკი და ჯინსები მეცვა.
-საიდან მოდიხართ?
-ქუთაისიდან
-ქუთაისელი ხარ?
-მეგრელი.
-ისე, ქართველს არ ჰგავხარ.
-როგორ გეკადრება, საქართველოდან საზგვარგარეთ დასასვენებლადაც არ გავსულვარ.
+]
+
-ახლა ჩვენნაირ ხალხს დასვენებაზე ფიქრის თავი სადა აქვს, ან მაგის ფული სადაა.ეგ არც მიფიქრია.
-რა გვიჭირს ეგეთი?
-არაფერი, უბრალოდ ეკონომიკა თავზე გვემხობა.საერთოდ საქართველო გვემხობა თავზე.-შევამჩნიე, რომ მასაც დანაღვლიანებული თვალები ჰქონდა.წითელზე მანქანა გააჩერა და წამსვე ახალგაზრდა ქალმა შემოყო თავი.მასაც კი სუფთად ეცვა.მათხოვარს სულ არ ჰგავდა.გული შემეკუმშა რა გაუჭირდა ასეთი-მეტქი, - ცოტას ხომ ვერ დამეხმარებითო . მეც ათლარიანი მივაწოდე და ისე დამლოცა, თქვენ დღეს მშიერი არ დამტოვეთო,რომ კიდევ უფრო დავნაღვლიანდი.ტაქსისტმაც ხურდები მიაწოდა,ამასობაში მწვანე აინთო და გზა განაგრძო.
-ადრე ასე ჩაცმულს დახმარება რომ ეთხოვა, ზედაც არ
შევხედავდი.განა რა უჭირს-მეთქი,- ვიფიქრებდი. ფეხი აქვს,ხელი აქვს ,წავიდეს და იმუშაოს-მეთქი.ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა.შეიძლება და დიდი ალბათობით მართლა უჭირს. - თქვა ტაქსისტმა, ვერის ქვაფენილიან ბილიკს აუყვა და მალე ჩემს ქუჩაზეც დაამუხრუჭა.ფული მივაწოდე და მადლობა გადავუხადე,მანაც კარგად იყავიო და გზა განაგრძო.
მესიამოვნა ნაცნობი ქუჩის ნახვა და ისევ კარგ ხასიათზე დავდექი.ყველაფერი იმავენაირად იყო.ზუსტად ისე,როგორც დავტოვე.
მაგრამ მაინც,რაღაც ისე ვერ იყო…
არ მოგაწყენთ იმაზე საუბრით, როგორ გამახარა სახლის ხილვამ.ერთი საათში მოვწესრიგდი,ვივახშმე და რუსთაველზე სასეირნოდ გავეშურე.აბა, სახლში რა დამაჯენდა,სამშობლო -მონატრებულს.
-
ვერის დაღმართი,რომელიც ერთი საათის წინ ტაქსისტმა ამოიარა, ხუთ წუთში ჩავირბინე და რუსთაველისკენ გავემართე.,,ყველაფერი ისევ ისეა,“-მიხაროდა რაღაც ბავშური სიხარულით,შემდეგ გავიფიქრე, ,,აბა რა იქნება თბილისს თავიდან ხომ არ ააშენებდნენ-მეთქი“ და ამით ჩემი სიხარულის მოთოკვას ვცდილობდი.შემდეგ მზერა ხალხზე გადავიტანე -,,ისევ იგივე თვალები,“-გავიფიქრე გონებაში.ხალხი არ იცინოდა,არც კი იღიმოდა.ყველა შეწუხებული დაიარებოდა.რამდენი უსახლკარო შემხვდა.მოხუცები,პატარები,დედები ჩვილებით ხელში…სასტიკად არ მესიამოვნა ეს სურათი.საფრანგეთში ამას მიჩვეული არ ვიყავი…,,რა გაგიჭირდა საქართველო ასეთი“,- გავიფიქრე ისევ.რუსთაველამდე მისული უფრო დავმწუხრდი…პლაკატები,ბოთლები,მარკერები,ლენტები…
რა არ ეყარა ძირს.ეს აშკარად აქციის შედეგი იყო. გამახსენდა ხალხი ავტობუსსშირომ ლაპარაკობდა.ახლა კი მე თვითონ ვიყავი ამ ყველაფრის მოწმე.მანქანები არ მოძრაობდნენ.გზა გადაკეტილი იყო.მხვეტავი იდგა და ნაგავს იღებდა.მე შუა ქუჩაში ვიდექი და აქეთ-იქით ვიყურებოდი.გული ისევ სწრაფად ამიძგერდა.აი ,მეგობარო, ამ ისტორიის დასაწყისსში გითხარი, გული გამალებით მიცემდა-მეთქი, დასასრულსაც იმავეს გეუბნები.ახლა კი,უფრო კარგად რომ აგიხსნათ ჩემი აღელვების მიზეზი, ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ.რამე ცუდი არ ჩაგიდენიათ? რა თქმა უნდა ,ჩაიდენდით.აკი ამბობენ, ,,უშეცდომო არავინ არისო“.როცა იცი, რომ რაღაც ცუდი გააკეთე და შედეგს ელოდები,გული გამალებით გიცემს და ფიქრობ იმაზე, რა მოჰყვება ამ ყველაფერს.აი, სწორედ ეს მაღელვებდა,ვხედავდი,რომ საქართველოში ქართველების
ხელში რაღაც ისე ვერ იყო,რაღაც ცუდი გვქონდა ჩადენილი და შედეგსაც მალე მივიღებდით.უცებ მოხუცი ტაქსისტის სიტყვები გამახსენდა, ,,საფრანგეთში რა დაგაბერებდა შენი სამშობლოს პრობლემებს მოწყვეტილსო“.მაშინ ვერ მივხვდი,მაგრამ ახლა რუსთაველის ქუჩის შუაში ვიდექი და მის სიტყვებს კი არ ვხვდებოდი, ვგრძნობდი.გაგიგიათ ალბათ,რომ იტყვიან, ,,ნერვიულობისგან ათი წელი მომემატაო“, აი, ზუსტად ეგრე ვგრძნობდი თავს.მაგრამ კითხვას კი იმავეს ვსვამდი:ასეთი რა გაგიჭირდა, საქართველო-მეთქი.ისევ გამახსენდა მოხუცი ტაქსისტის სიტყვები, ,,რა შეიცვალა, ბაბუ, და ხალხი შეიცვალა,ხალხი, თორე შენითაც ხედავ, საქართველო ისევ იქაა ,საცა დატოვეო“.გეთანხმები, მოხუცო კაცო, ხალხი შეიცვალა.
ყველა ერთნაირად დამწუხრდა და ერთნაირად სევდიანად იყურება,თორე საქართველო ისევ იგივეა,იმავენარად ლამაზია,მაგრამ ვაი, რომ ამ სილამაზეს გაუბედურებული ხალხი ამახინჯებს.
მარიამ გოგორელიანი
დილიდან აფორიაქებული ვიყავი, თან მიხაროდა, თან ვნერვიულობდი. ახლა კი ჩემი უცხოელი მეგობრის, ემის, მძიმე ჩემოდნებს მოვაგორებდი. მიხაროდა, რადგან ჩემი მეგობრისთვის უნდა მემასპინძლა, მიხაროდა, რადგან ჩემი სამშობლო უნდა გამეცნო მისთვის და მომეყოლა არაერთი ისტორია იმაზე, თუ რა და როგორ გამოიარა ჩემმა ქვეყანამ, ჩემმა ხალხმა და შემდეგ უნდა მეამაყა, მეამაყა საოცარი სტუმართმასპინძლობით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიებითა და ათასწლეულებს შემორჩენილი ქალაქებით. ასე წარმომედგინა მისი დახვედრა: საკუთარი შთაბეჭდილებების, სიხარულისა და სიყვარულის გაზიარებით ჩემს მიწა-წყალზე,ის კი თავისას მომიყვებოდა და ჩვენ გავცვლიდით კულტურებს, შევიცნობდით მეტს სხვა ხალხებზე და,რაც მთავარია, გავიგებდით მეტ სიახლეს.
-is it far from here? აქედან შორია?
მკითხა ემიმ.
-no, 10 mins from here. არა, აქედან 10 წუთის გზაზეა.
სიხარულთან ერთად ნერვიულობაც ვახსენე და რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს, მით უფრო მეტად ვნერვიულობდი. ემი ძალიან აღელვებული და ბედნიერი იყო, ერთი სული ჰქონდა, საქართველოში საუკეთესო ოთხი დღე გაეტარებინა. მეც მიხაროდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეშინდა, ძალიან მეშინოდა ჩემი მეზობლების, როგორ მიიღებდნენ მას, რას ეტყოდნენ და როგორ შეხედავდნენ. ვიცი, ალბათ, დაგაბნიეთ და ახლავე აგიხსნით. ემი მაღალი, გამხდარი გოგონაა, ტანზე თეთრი მაისური და წითელი შარვალი აცვია, მხრებზე დიდი მწვანე გაბურძგნული ჟაკეტი აქვს მოგდებული, ის სრულიად განსხვავებულია, თმა ორ ფერში აქვს შეღებილი: ერთი მხარე რძისფრად, მეორე-ვარდისფრად. წარბზე კი ერთი ლამაზი პირსინგი აქვს, რომელიც
მის სახეს, ძალიან უხდება. საუცხოოა. ჩემს, და არა მხოლოდ ჩემს, უბანში, ჩემს პატარა იტალიური ეზოს მაცხოვრებლებს, დარწუნებული ვარ, მსგავსი არაფერი ექნებათ ნანახი და სწორედ ამაზე ვნერვიულობ. დილიდან მაწუხებს ის ფიქრი, თუ რა შთაბეჭდილებას დაუტოვებენ ემის ქართულ საზოგადოებაზე. ორი დღის წინ ნათელამ, ჩემი მეგობრის დედამ, ორომტრიალი მოახდინა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა შვილმა თმა მოკლედ შეიჭრა. წარმოუდგენელია! ჩემი კოხტა და ლამაზი იტალიური უბნის მაცხოვრებლების ნახევარმა მას მხარი დაუჭირა, საწყალი მარიამი სულ მიწასთან გაასწორეს. როგორ არ ვცადე მათთან ლაპარაკი, მაგრამ უშედეგოდ. მეც სულ “იმნაირი” მეძახეს, სიტუაციის გასანეიტრალებლად, ვიფიქრე, იუმორით შევაპარებ, მე რომ რამდენიმე დღეში თმას ჩემს საყვარელ ფრად შევიღბავდი და რომ ამით, არც ჩემი პიროვნება თუ რეპუტაცია, არც არანაირი “ქართველობა” არ
დაიკარგებოდა. იმის შემდეგ ვნატრობ, რომ ეს იუმორნარევი სიმართლე საერთოდ არ მეხსენებინა. ამას მოჰყვა მთელი რიგი არგუმენტები ნათელასგან და ჩვენი საერთო მეზობლებისგან, თუ როგორ გადაიზრდება ერთი თმის შეჭრა- ერთხელ შეღებვაში, ერთხელ შეღებვა-სარწმუნოების დაკარგვაში და სარწმუნოების დაკარგვა- ყველანაირად “გადაჯიშებაში.” ალბათ, მიმიხვდებით, რომ აზრი არ ჰქონდა იმ ყველაფრის ახსნას, რაც ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გარეგნულ ცვლილებებს გამოიწვევს, არ ნიშნავს ურეპუტაციო, უთავმოყვარეო და ისეთ ადამიანობასა და ცხოვრებას, როგორიც “ნამდვილ ქართველს არ შეშვენის”. არ მინდა ემიმ იფიქროს, რომ ყველა ქართველი ასეთია. მინდა სჯეროდეს, რომ აქ ხალხი ტოლერანტულია, რომ აქ ხალხი შენ დაგეხმარება, გვერდში დაგიდგება და არ მიგატოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ “განსხვავებული” ხარ, რომ შენ გსურს
სხვაგვარად გამოხატო შენი თავი, რომ შენი ექსპრესიულობა, სულაც არ ნიშნავს, რომ არ ხარ კარგი ადამინი.
მინდა. ძალიან მინდა, რომ ემიმ ეს ყველაფერი დაიჯეროს და ჰქონდეს ჩემი, ჩვენი იმედი.
-what a cute and little yard! I can already see your neighbors! რა პატარა და საყვარელი ეზოა! მე შენს მეზობლებსაც ვხედავ!
გავუცინე და მანქანიდან გადმოვედით. ემი წინ მიდიოდა, აღფრთოვანებული ძველი უბნით, პატარა ეზოთი და ბევრი ხალხით. მე უკან მივყვებოდი და დავინახე ნათელას გაფართოვებული თვალები,რომლებიც თანამოაზრეს ეძებდნენ. ჩემი შიში ვიცი, რომ გამართლდება, იმედი მაქვს ემის არასდროს გამოელაპარაკებიან მაგრამ ის, რაც მინდა, რომ ემის სჯეროდეს ზრდასრულ, განათლებულ და ტოლერანტ ხალხზე საქართველოში, ჯერ კიდევ თვითონ მე ვერ
დამიჯერებია. არ მინდა ისეთი საქართველოს დაჯერება, სადაც სიახლეებს ვერ ეგუებიან, სადაც არ იღებენ განსხვვებულობას და ერთფეროვნებითა და ნაცრისფერი ფერით კმაყოფიდებიან.
წინ ემის ოთხ დღიანი თავგადასავალი, მე კი ბევრი უხერხულობა, კამათი და თავის მართლება მომიწევს იმისთვის, რომ “იმნაირი” გოგონა ჩემთან, საქართველოში მოვიპატიჟე...
თათული შავიშვილი
ამ მიწაზე ფეხის დადგმისას ბედნიერებას ველოდი, ველოდი რომ მონატრებული თვალები კვლავ შემომხედავდნენ და გამათბობდნენ…გაინტერესებთ რა დამხვდა? Მინდა, პატარა ამბავი გაგანდოთ, რომელსაც მე, როგორც კედლები, ისე შევცქეროდი და მალულად ვაყურადებდი.
ოფლში გაწურული შეშინებული გოგონა.მძიმე სუნთქვა. უფრო სწორად ქოშინი. ხარბი, სწრაფი და უმოწყალო ჟანგბადის ყლუპები. საუბარი დაიწყეს თუ არა, დამშვიდდა. Თვალი მთვარეს გაუსწორა.
-აქედან თითოეული ლანდი ადამიანის სახეს წააგავს. Მაგრამ, ყველგან შიშია. ცივი, სუსხიანი. იგი ჩვენს სხეულს ისე მოიცავს, რომ ცეცხილი მეკიდება.- გვერდით მჯდომ მეგობარს გადახედა, ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა, მაგრამ, ოფლი აღელვებულ ზღვასავით ჩამოსდიოდა ღაწვებზე.
-კანკალი სანატრელი გამიხდა.მიჭირს…
-რა?
-სარკეში ყურება. მიჭირს გრძნობადაკარგული ერის ყურება. მიჭირს.
- იცი თვალები.. თვალები ყველას გადაუსხვაფრედა.
ჩაიცინა:
-ძნელია, გზა გაიკვლიო დაბინდულ უცხო ტყეში, უფრო ძნელი კი წამწამებს შორის გზის გაკვლევაა. მათ შორის სხივის დანახვა.
-იმედს ხედავ? იმედი ხომ ბოლოს კვდება?
Კვლავ ჩაიცინა:
-მერე და ჯერ არ ჩამკვდარა?
Უეცრად დასერიოზულდა:
-იმედის სხივის დანახვა უკვე წარმოუდგენელია. ამ წამწამებს უკან ახლა უკვე გაშმაგებული, განწირული მზერა იმალება,დაბნელებული მზერა კი ბევრად უფრო ბნელ და დაცემულ სულს მალავს მის უკან.
-გეშინია?
-ყველა მცდელობა, რაიმე ვიგრძნო, შიშის გარდა, სასაცილოა. შეიძლება ხანდახან ვიფიქრო, რომ მძულს, მშურს , მტკივა... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ შიშია. ეს გამანადგურებელი გრძნობა ყველაფერს მოიცავს.…
-ამ ცხოვრებისაც გეშინია?
- დღეს ჩვენ ვარსებობთ და აღარ ვცხოვრობთ. Ყოველ დილით არსებობისთვის ვემზადებით, არსებობისთვის და არა ცხოვრებისთვის. ამ უბადრუკ სუნთქვასა და გულისცემას ცხოვრება აღარ ჰქვია...ფერები გაქრა. მათი ადგილი კი დაბურულმა სურათებმა დაიკავა. უფერულმა და უღიმღამო არსებობამ კი თითქოს გულის მცველი – გრძნობები მოიტაცა და გადამალა, ბნელ კუნჭულში უპატრონოდ ისე მიაგდო და გამოიქცა, რომ უკან არც მიუხედავს, საჩუქრად კი ეკლები და მარწუხები წამოგვიღო. დაუცველად დატოვებული გულის დარაბა კი უბრძოლველად გახსნა. ისე დაიპყრო და მოიცვა ყველაფერი...საწადელს მიაღწია. თავს ვეღარ ვუშველით.
ვეღარ გავაგდებთ. არსება დამონებულია.
- არადა, ამბობენ გული სანამ გიცემს, ცხოვრობო.
- განა გული, რომელიც მონოტონურად გაიძახის- ერთი ორი, ერთი ორი და სხვა აღარაფერი ჩაესმის, გულია? Ხალხის სიცივემ გული მხოლოდ მექანიკურად მომუშავე კუნთად აქცია. მისმა ყოფნა-არყოფნამ მნიშვმნელობა დაკარგა. უწინ საამური ჟანგაბადი, რომელიც გაზაფხულის ნიავივით ჩამოუქროლებდა და დაღლილ ძარღვებში ცხოვრების ჟინს უღვიძებდა, ახლა მოსისხლე მტრად ექცა და ეკლებივით ესობა.
-სიყვარული? სიყვარული გაქრა?
-სიყვარულმა თავისი უმანკოება და კეთილშობილება დაკარგა.იგი ახლა უკვე პრიმიტიული გადავიწყებული გრძნობაა, რომელიც გემის ღუზასავით დასობია ფსკერს და ზედაპირზე ამოსვლას ვეღარ ახერხებს, ისე გაქრა და გადაიკარგა, საკუთარი აჩრდილითაც აღარავის ახსენებს თავს....
ამ მიწაზე ფეხის დადგმისას ბედნიერებას ველოდი, ველოდი, რომ მონატრებული თვალები კვლავ შემომხედავდნენ და გამათბობდნენ…გაინტერესებთ, რა დამხვდა?
ქვეყნის ორი თვალყურმადევარი. ორი გიჟი. ორი გიჟი, რომელიც შუაღამისას უზარმაზარი შენობის სახურავზე შემოსხდარა და...ქართველობას აღწერს. ორი გიჟი, რომელიც ღუზის აწევას ლამობს. Ორადორი გიჟი, რომელსაც თვალები დღემდე უნთია. Ორი გიჟი, რომელსაც გული დღემდე უძგერს. Ორი გიჟი, რომელიც ასე გვჭირდება..
გიორგი წულაია
დეკემბრის დასაწყისი იქნებოდა, ასე, 2-3 დეკემბერი, როდესაც ნანატრი დღე მალე დადგებოდა. ჩემი სამწლიანი ლოდინის დასასრული ახლოვდებოდა.გერმანიაში, სადაც განათლება იურიდიული განხრით მივიღე, მინდოდა საქართველოში მემსახურა და ქვეყანას გამოვდგომოდი და მხარში დავდგომოდი. ხანდახან ადრეც მიწევდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ არცთუ ისე დიდხანს, ასე 1-2 თვე, მაგრამ ეს ჩემი ბოლო წასვლა ყველაზე მოულოდნელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. თითქმის იმედგადაწურულმა სასურველი უნივერსიტეტიდან დასტური მივიღე სწავლის მიუნხენში გაგრძელების თაობაზე, რასაც ფაქტობრივად არ მოველოდი. როგორი რთულია არა, დატოვო ოჯახი,მეგობრები, წახვიდე სასწავლებლად, მაგრამ გავაცნობიერე, რომ
ჩემი განათლება ისევ ჩემი ხახლისთვის სასიკეთოდ შემეძლო წარმემართა. აი, ის დღეც მოვიდა. ღამის 4 საათი იქნება,როდესაც თვითმფრინავი მიწას მოსწყდა და დაიწყო გაუთავებელი ლოდინი,ლოდინი, რომელიც იქ ყოფნის 3 წელზე დიდხანს გაგრძელდა და ბოლო არ უჩანდა.
ცოტა ხნით ჩამძინებია, უცხო ხალხის ხმაურმა გამაღვიძა. ეჰ... რა კარგი სიზმარი დამესიზმრა, არადა, ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ბავშვობაში გატარებული ადგილი გამახსენდა, თბილისი, სადაც უკვე ყველაფერი იმაზე ლამაზად და კარგად დავინახე, ვიდრე ბავშვობაში. რა არის ბავშვობა, არა?როგორც ბავშვობაში ყველაფერში ნათელს ვხედავდი, ისეთი სიზმარი ვნახე, ყველაფერში ბავშვური სილაღე და სილამაზე გამოსჭვიოდა. იმ უცხოელებს რა ვუთხარი, მაგრამ, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს საჰაერო საზღვარი გადმოვკვეთეთ ,
მოუთმენლობამ ამიტანა, გული უფრო გამალებით მიცემდა და სახეზეც ფერი დავკარგე. სწორედ მაშინ მივხვდი, რას გრძნობდა ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა დიდი ხნის შემდეგ. ჩამოვედი ჩემს სამშობლოს მონატრებული, ვნახე ოჯახი, პირველ რიგში, ასევე ჩემი მეგობრები, რომლებიც არცთუ ისე შეცვლილან და გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ჩვენს ქუჩებში, სადაც ჩემი ყრმობის წლები მქონდა გატარებული. სეირნობისას ზოგი ვიცანი, მათაც მიცნეს, მაგრამ ხალხი მებევრა. რა კარგი იქნებოდა, ეს ხალხი საქმეზე მოსიარულე, ან მეგობრებთან ერთად, ან დღესასწაულზე მიმავალნი მენახა, მაგრამ არა, ყოველი ქუჩის ბოლოს მოხუცი ადამიანები იწვნენ. ჯერ როგორია ქუჩაში წოლა, შემდეგ დეკემბრის თბილისში, სადაც სქელ ტანსაცმელშიც კი სიცივე ატანდა. დავინტერესდი, თუ ამდენი მარტოხელა ადამიანი როდის მერე მოგროვდა:
-სანდრო, ესენი ვინ არიან, ნუთუ ამდენი გაჭირვებული ჰყოლია ჩვენს ქალაქს?
-როგორ ვერ იცანი, ეს ხომ ზურიკოს დედაა, ნანა დეიდა.
-ზურიკოს? მაღლაკელიძის?
-ხო, რა გაგიკვირდა, აქ კიდევ იმდენია ამისთანა...
-როგორ, რას ამბობ, კი მაგრამ რანაირად, მახსოვს არასდროს უჭირდათ, პირიქით, ფეხბურთის თამაშის შემდეგ, დაღლილებს, თვითონ გვმასპინძლობდა და სულ გემრიელობები ჰქონდა თან, თან როგორი სახლი იყო, სანატრელი, ენით აღუწერელი.
-ეჰ, გიორგი შენ არ იცი, როგორ შეიცვალა ყველაფერი, 90-იანები რომ ყველას მწარედ ახსენდებოდა და ის დრო ყველას ჩავლილი ეგონა, ის ბრუნდება.
-როგორ, ყაჩაღობაა ყველგან?
-ყაჩაღობა? ყაჩაღბას ვინ დაეძებს, ბინებს ბინებზე ძარცვავენ, ვინმეს თუ იქვე თვალს მოჰკრავენ, საიქიოს ისტუმრებენ, მკვლელობები მომრავლდა, აგერ, ეს ჩვენი ზურიკოც ქურდულ გარჩევებს შეეწირა, ვინ წარმოიდგენდა...
-ზურიკო, რას ამბობ, ჩვენი ზურიკო, არ მჯერა, არ იყო ეგეთი ბიჭი.
-კიდევ ბევრი არ იყო,მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა, დანაშაული მომრავლდა და დამნაშავეები სათანადოდ არ ისჯებიან, საბოლოოდ ვიღაც მფარველობს და ეს საქციელიც გასდით. კარგი, რას დამდგარხარ, არ უყვარს, ასე რომ უყურებენ, წავიდეთ.
მივყევით გზას და კიდევ რამდენიმე ნანა დეიდასნაირი ქალბატონი შემოგვხვდა და პასუხის შიშით კითხვა ვერ დავუსვი დათოს. ერთი ქალი ძალზე შემეცოდა და მისთვის ფულის მიცემა დავაპირე, ისე გაუხარდა, ენით ვერ აღგიწერთ, სულ, რაც თან მქონდა,თხუთმეტიოდე
ლარი მივეცი და მის თვალებში სიცოცხლის სურვილის და იმედის დაბრუნების ემოცია ამოვიკითხე და დიდი სიყვარულით დამლოცა. ძალიან გამიხარდა, რომ ქალბატონი გავახარე, მაგრამ კიდევ მასზე საცოდავი მოხუცი შემომხვდა,რომელისთვისაც გვერდის ავლა ვერ შევძელი და ამჯერად დათოსთვის მომიწია მეთხოვა, რათა მოხუცისთვის ცოტა ფული მაინც მიეცა.მისი პასუხი კი ასეთი იყო:
-თუ ძმა ხარ, ვინმე დაეხმარება.
ამ პასუხს არ ველოდი და შოკში ჩავვარდი, სახლში ავირბენდი, რადგან მეტი ფული აღარ მქონდა წამოღებული, და სახლსაც ძალიან დავშორებულვარ. მოკლედ, მეგობრებთან ერთად გატარებულმა დღემ არც თუ ისე კარგად ჩაიარა. გავიდა რამდენიმე თვე, გაზაფხული მოვიდა და ძალიან მომინდა ქალაქგარეთ წასვლა. შევიკრიბეთ მეგობრები და წავედით. ჩემი სასურველი ადგილი უფრო ოდნავ მთიანი ადგილი
იქნებოდა და ჩემი მეგობრის ნარჩევ ადგილას. ასე თქვა რომ, ძალიან კარგი ადგილი იცოდა, კარგი ჰაერითა და ლამაზი ხედით, თან თბილისთან ძალიან ახლოს. გზაში, როდესაც სახლებს ვხედავდი და ბუნების სუნმა ჩემს ფილტვებში ჩააღწია, სისხლი ამიდუღდა და შორს პატარა სახლებისკენ მომზირალს,დარწმუნებულმა, რომ იქ კიდევ ქართველები იყვნენ, სიამაყე მომგვარა. გზაში ერთი კარგი ქართველი მოხუცი კაცი შემოგვხვდა. მომეწონა , კარგად სუბრობდა და სევდიანი თვალებიც მასზე ბევრს ამბობდნენ და რომ ვკითხე, სადაური იყო იგი, გული აუჩუყდა და ცრემლმორეულად მიპასუხა, რომ იგი იმ სოფლიდან იყო, მე რომ სიამაყე აღმიძრა:
-ბაბუ, კი მაგრამ, რა გატირებს, ამოდენა ადგილას ცხოვრობ, ჰაერი გადასარევი, დედაქალაქთან ასე ახლოს...
-სოფელი და ჰაერი კი კარგია, ბაბუ, მაგრამ თავს უცხოდ ვგრძნობ, არავინ არა მყავს, რომ ველაპარაკო.
-კი მაგრამ, რამდენი სახლია, ნუთუ არ მოიძებნება ვინმე,რომ თქვენი სატკივარი გაუზიაროთ.
-ხალხის მეტი რა არის, ბაბუ, მაგრამ ქართულ სიტყვას ვერ გაიგებ, აქ სულ თათრები ცხოვრობენ, არადა ჩემს ბავშვობაში მამიდასთან რომ ჩამოვდიოდი, სულ აქ ვიყავი ხოლმე. მე ბარისახოელი ვარ, მაგრამ იქაური ჩემი სოფელი საერთოდ უპატრონოდაა, ბოლო კაცი ვიყავ, რომ წამოვედი მამა-პაპისეული ადგილიდან, რადგან ხალხი აღარ დარჩა, არადა ერთ დროს იმდენი ვიყავით, მტერს მარტო უკუვაქცევდით, ახლა კიდე მარტოკა დავრჩი, სწორედ ამიტომა ვარ აქ. უხალხობას ესენი სჯობიან-მეთქი, როგორ გითხრა აბა, არ ესმით ჩემი, რადგან ქართველი ვარ,მასხრად მიგდებენ, მაგრამ იმ მარტოობას კი მირჩევნია. იმდენი სოფელი ,
დაცარიელდა, რომ იცოდე... სულ ეს თათრები, სომხები, ირანელები და ხანდახან რუსებიც კი გაერევიან, ოხხ რუსები, ძალიან ცუდად გვექცევიან. მიწა არ დარჩა, არ იყიდონ და არ წაგვართვან,ბაბუ ,იცოდე, ისე ვართ სოფლელები, ჯერ რომ არ ვყოფილვართ. მაგიტომაა ყველა თბილისში. მაგათ ჰგონიათ, მტერი მანდ ვერ მოსწვდება.
ნიკო ბაბუმ ძალიან იმოქმედა და კიდევ ერთი იმედგაცრუება დავინახე ქართველების მხრიდან. იგი ისე მელაპარაკა, გავოგნდი. ილიას სიტყვებით რომ ვთქვა, ,,ძალიან კაცი“ გამოდგა და ხშირად სტუმრობაც მომითვალა.
გავიდა გაზაფხულიც და გასაუბრებაზე მოვხვდი, რომელიც ბათუმში ტარდებოდა. გამიხარდა, თან ბათუმს ვნახავდი, თან საქმეს ასე სჭირდებოდა. აქ ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება არასდროს დამრჩენია და დიდი სიხარულით გავემართე. გზადაგზა
მოხუცი კაცის სიტყვები მახსენდებოდა სახლების შემყურე და თვალებს ვხუჭავდი, რომ გული არ მტკენოდა.ამასობაში ჩამეძინა და გამაღვიძეს, თურმე ბათუმამდე ჩავსულვარ. აქ ერთ ქალს ვიცნობდი, ვისი სახლიც ნაქირავები მქონდა ხოლმე ბავშვობაში და ამ მოგზაურობაზეც მასთან გადავწყვიტე გაჩერება. კარგად შემხვდა ნამდვილად. ფულს თითქმის არ გვართმევდა, მაგრამ ამ ჩასვლაზე უჩვეულოდ შემომეხარჯა, ჩავთვალე, რომ ოჯახის რიდი ჰქონდა და რახან მარტო ვიყავი, ამიტომ გამიძვირა. სინამდვილეში კიდე კარგ ფასად მოუცია, როგორც თქვა, თითქოს მადლობელი უნდა დავრჩენილიყავი და ხასიათგაფუჭებული გავემართე ჩემი სახლისკენ.გათენდა და შეხვედრის დროც მოვიდა, როგორ აგიხსნათ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, პრაქტიკაზე სწორედ იმას ვაკეთებდი სულ, რასაც გერმანიაში გვასწავლიდნენ და ეს სამუშაო ზუსტად ჩემი შესაფერისი იყო. ყველანი კმაყოფილი დავრჩით და
დაიმედებულმა დავტოვე იქაურობა, დარწმუნებულმა, რომ სამუშაო დაწყებული მქონდა. იმ საღამოსვე გადავწყვიტე ბულვარში გასეირნება და ქართველის ხმა ვერ გავიგე. გამაგრილებელი სასმელი მომინდა და ყიდვა გადავწყვიტე, სიცხეში ძალიან მსიამოვნებდა, მივედი საყიდლად და თვალებს არ დავუჯერე, გერმანიაში იგივე სასმელი 1დოლარი ღირდა, ხოლო აქ ხუთმაგი! ძალიან გავბრაზდი,თავხედობად ჩავთვალე და ყველაფრის სურვილი დავკარგე, მაგრამ სხვაგანაც რომ ვნახე, გავოგნდი. ერთ-ერთ ქართველს ვკითხე ,თუ რატომ იყო ყველაფერი ამხელა ფასების, თან მახსენდებოდა 7 წლის წინ დეიდას ნაჩუქარი ფულით ამ სასმელს იმდენს ვიყიდიდით მე და ჩემი ძმა, რომ ერთ კვირას გვეყოფოდა.
სიმართლე გითხრათ, ხუმრობა მეგონა ,მაგრამ გავოგნდი ამის შემყურე. წავედი სახლში და უკვე თბილისში გამგზავრების დროც მოვიდა. გამოვემგზავრე თბილისში და პასუხიც დადებითი მომივიდა გასაუბრებიდან, თუმცა უარი ვთქვი. არასდროს წარმომედგინა ჩემს სამშობლოს დავჭრვებოდი და მიმეტოვებინა, განსაკუთრებით კი გერმანიაში ყოფნის დროს. არ მიჯერებდნენ ჩემი უარის გამო. ჩვენი უბნელი ზურიკოს დედის შემყურე, ბარისახოელი კაცის მონაყოლიდან, ჩემი თვალით
ნანახისგან ყველგან და ბათუმშიც სურვილი დამეკარგა, ქვეყნისთვის მემსახურა. ვერ დავიჯერე, რომ უცხოელებს ასე იყენებდნენ, არადა იქ ყველაფერი პირიქითაა. საქართველოს დევიზი იყო ოდითგანვე, რომ სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ეს ვერსად დავინახე, გერმანიაში და სხვაგან ყოფნის დროს უკეთ ვხედავდი. უმოქმედო ხალხის შემყურე,რომლებსაც შევთავაზე, რომ წავსულიყავით და შესაბამის ორგანოებთან გაგვეპროტესტებინა ყოველივე, მტკიცე უარი მივიღე ახსნით, რომ ,,რა აზრი აქვს,მაინც არავის ადარდებ.“ უმოქმედობამ, ქურდული სამყაროს გავლენამ, უცხოელების გამოყენებამ, მამა-პაპური მიწის სიყვარულის დავიწყებამ და ქართველებში სიყვარულის დაკარგვამ, ყველაფრის სურვილი დამიკარგა. ქართველები შეცოტავდნენ და უცხო ხალხი დამკვიდრებულა, სახლები დაცარიელებულა და ყველა ერთ, არაფრისმთმელ გარემოში გაერთიანებულა.
ამის შემყურემ ჭკუა სულ დავკარგე და ნოსტალგიით გამოწვეული ცრემლების მიკვირდა. რა მომენატრა დაბეჩავებულ და გადაგვარებულ საქართველოში, ნუთუ უიმედობა, ქურდობა, ღვთის რწმენა დაეკარგა ქართველობას. ამ კითხვებით გატანჯულმა, ვიყიდე ბილეთები უკან გასამგზავრებლად, რადგან მივხვდი,რომ ჩემი ადგილი აქ აღარ იყო, ის ქართველი, ვინც ადრე იყო, ჩამკვდარა და აქ უიმედობა და უსუსურებას გაუმეფებია.საქართველოში ჩემი თავი მე არ მახლდა, განა რა უნდა ყოფილიყო ამაზე უარესი მონატრებული და სამშობლოზე შეყვარებული ქართველისთვის? ამიტომ გავეცალე აქაურობას და იქ წავედი, სადაც ამ უმსგავსობას თვალს ავარიდებდი.
ანა აბუაშვილი
გამარჯობა! ვინ ვარ მე? ჩემი სახელისა და გვარის დაწერას აზრი არ აქვს, რადგან დიდი ალბათობით ვერც მიცნობთ და რომც მიცნობდეთ, ჩემს ვინაობას დიდი დატვირთვა არ გააჩნია. ამ შემთხვევაში თქვენნაირად ევროპასა და აზიას შორის მდებარე პატარა ქვეყნის ბინადარი ვარ. დიახ, მეც ქართველი ვარ და ისიც ქართველი იყო. ვინ ის? ო, ეგ უკვე გრძელი ისტორიაა, თუმცა ყველაფერი ჩვეულებრივი დღით დაიწყო. 2016წლის 11 მარტი.
დილის ხუთი საათი იქნებოდა, არც კი. ჩემი ძაღლი აქეთ-იქით დახტოდა. ბებიაჩემი მოუსვენრად დარბოდა, ხან ქვაბით ხელში შევამჩნევდი, ხან ტანსაცმლით. ყველას სახეზე მღელვარება ეტყობოდა, არა, ყველას არა. მამაჩემი, როგორც სჩვევია ხოლმე, თავისთვის წყნარად იდგა გასასვლელთან და სიტუაციას თვალს ადევნებდა. ჩემი ადგომის დროც გახდა. ავიღე მაისური, ჯინსი, ჟაკეტი. ნახევრად მძინარემ
გამოვიცვალე ტანისამოსი, ჩემი საყვარელი სათამაშო ხელში ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე. მანქანაში, როგორც ყოველთვის, ბოლო ჩავჯექი და მუსიკა ჩავრთე, რათა მგზავრობა ისეთივე მოსაწყენი აღარ ყოფილიყო. ჩემდა საბედნიეროდ, ადგილი ფანჯარასთან შემხვდა. ვიცი, ბევრს უყვარს შუაში ჯდომა და გზისთვის ყურება, მაგრამ მე გზის მიღმა ხედები უფრო მხიბლავს, ისინი განსხვავებულნი არიან, არა ისეთი, როგორიც ადამიანებს უნდათ რომ იყვნენ, ისინი თავისთვის არსებობენ, მრავალფეროვანი და მხიარულნი. ამ სევდიან ქვეყანას ფერებს მატებენ, ნაცრისფერს წითლით, შავს ყვითლით ჩაანაცვლებენ ხოლმე. ვიცი, შეიძლება უაზროდ ჟღერდეს, მაგრამ მე ასე აღვიქვამ ამ ყოველივეს.
ერთ პატარა სოფელს მივუახლოვდით. გზაში ბევრ დანგრეულ შენობას მოვკარი თვალი. არა, ამ მიდამოში ფერები იკარგება, მეტიც, მუქდება. იქაურობას თითქოს რაღაცა სევდიანი ნისლი ედო. თეთრი შენობები, ძლივს ფეხზე მდგომნი, სულ ნაჯღაბნებში იყო.
იმედგაცრუებულმა ამოვისუნთქე და ახლა ტელეფონს ჩავხედე. ალბათ, 20 წუთი გავიდა, როცა მამაჩემმა მანქანა შეაჩერა, ჩვენს მხარეს გამოიხედა და მწუხარე სახით ამოღერღა: მანქანას რაღაც მოუვიდა, აქ მოგვიწევს რაღაცა პერიოდით შეჩერება. ამ სიტყვების გაგებისთანავე სახე შემეცვალა, ტელეფონიც კი ხელიდან გამივარდა. რატომ? ხო, ალბათ, დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იქ დარჩენა, ზოგადად, მაგრამ მე ზღვაზე მეგობრები მელოდებოდნენ, მეგობრები, გესმით!!! ბევრი კამათის შემდეგ გაირკვა, რომ მაქსიმუმ 2 დღე დაგვჭირდებოდა ყველაფრის მოსაგვარებლად, სიმართლე გითხრათ, ეს კარგ ამბებში გადის, რადგან მეგობრებთან ჩასვლას კიდევ მოვასწრებდი. 3 საათის ძებნის შემდეგ ძლივს ვიპოვეთ სასტუმროს მაგვარი შენობა. მართალია, მფლობელები გვიმტკიცებდნენ, რომ სასტუმროს წარმოადგენდა მათი ნანგრევების გროვა, მაგრამ ბავშვისთვისაც ცხადი იყო , რომ ამას ,,გესთ ჰაუსაც“ გაჭირვებით უწოდებ. დიდი იმედი მქონდა, რომ აქ გაჩერება
არ მოგვიწევდა, მაგრამ ჩემმა უიღბლობამ მაინც თავისი გაიტანა დიახ, ამ მშვენიერ ადგილას მომიწია ღამის გათენება. კარი სასტიკად ჭრიალებდა, ოთახი კი ცივი და პატარა იყო, საწოლებით გადატანილი. მე პატარა საწოლი ფანჯრის გვერდზე დავიკავე. დათუნია დავაწვინე და გარეთ გავიხედე. მანქანიდან ნანახი ხედი ახლა უფრო უკეთესად ჩანდა. იქაურობა მართლაც სულ ნანგრევებში იყო, აქა-იქ ხალხსაც მოვკარი თვალი. მალე მომბეზრდა ასე ყურება და სოფელში გასვლა გადავწყვიტე. ჩემოდნიდან ჩემი ქურთუკი ამოვიღე, მოვიცვი და გარეთ გავექანე. სადარბაზოდან გამოვარდნილმა ქვა ვერ შევამჩნიე და მწარედ ავილეწე. ტკივილიც მალევე მოვიდა, წამით გავშეშდი, მინდოდა ადგომა, მაგრამ სხეულს ძალას ვერ ვატანდი, არა, დანებებული არ ვიყავი, კიდევ ვიბრძოდი ადგომისთვის, მაგრამ რაღაცა მაწვებოდა, ვერ აგიხსნით, უბრალოდ გაშეშებული ვეგდე სადღაც სოფლის ქუჩაში ისე, რომ თითის გ ამოძრავებაც საშინელ ტკივილს მგვრიდა. ასე ალბათ
ერთი 10 წუთი მომიწია ყოფნა, უკვე იმედდაკარგულისთვის საშველი გამოჩნდა. ვიღაცის ცივი ხელები ვიგრძენი ზურგზე, შეხებას ხმაც მოჰყვა: ,,კარგად ხარ?“ არ ვიცი, იმ მომენტში რა მეტაკა, მაგრამ ყოველივე ტკივილმა, რომელიც ცოტაოდენი ხნის წინ ასე მაწუხებდა, გამიარა, სწრაფად წამოვხტი და ტანსაცმლის გასწორება დავიწყე, მეგონა, რომ უცნობი თავს დამანებებდა, მაგრამ არა, მან ისევ თავისი მშვიდი ტონით გამიმეორა: ,,კარგად ხარ?“, აი, მაშინ კი უკვე ამოვიხედე, წინ ახალგაზრდა ყმაწვილი მედგა, ალბათ, ერთი 14 წლის იქნებოდა, ქარი მის ქერა თმებს აქეთ-იქით ათამაშებდა, თეთრი პერანგი ოდნავ დასვროდა მარჯვენა მკლავზე, ნაცრისფერი შორტი ოდნავ გახუხუნებული ჰქონდა. ზევიდან კი ნახევრად ჟაკეტი ჰქონდა გადაცმული. 1 წუთის შემდეგ სიჩუმე კვლავ თვითონ დაარღვია: ,, კარგად ხარ?“, უცბად გონზე მოვედი და სწრაფად ამოვღერღე: ,,კი, კი, მშვენივრად ვარ’’- ჩავფიქრდი-,,მადლობა’’, ცოტა ხნის წინ მოღუშული
სახე ღიმილმა ჩაანაცვლა- მე ლუკა მქვია, შენ?
-კარგი სახელია, მომწონს!
-ხოო? მამაჩემმა შემირჩია.
- რამდენი წლის ხარ?
-14-ს , შენ?
-15-ს. სად ...
რაღაცა მითხრა, მაგრამ ვერ გავიგონე, რადგან ჩემმა ძმამ ხელზე მომქაჩა და სადარბაზოში შემომათრია. სიმართლეს გეტყვით, მეტკინა და გამწარებული თვალებით ამოვხედე, ველოდებოდი ბოდიშის მოხდას, მაგრამ სინანულისა არაფერი ეტყობოდა, მრისხანე თვალებით სულში ჩამყურებდა, წამით ასე ვიდექით, შემდეგ მორიდების გარეშე ყვირილი დამიწყო, ბევრი რაღაცას მეუბნებოდა, უმეტესწილად, როგორი უმადური ბავშვი ვარ და როგორ ნერვიულობდნენ ჩემზე და როგორ არ მქონდა ასე უცხო ადგილას გასვლის უფლება, მაგრამ
ყურადღებას არ ვაქცევდი, ეს სიტყვები ადრე ოცჯერ მაინცმქონდა მოსმენილი, ხომ გესმით ჩემი, ყველაზე საინტერესო ისტორიის ასჯერ წაკითხვაც მას უინტერესოს ხდის, ამიტომაც, როგორც მჩვევია ხოლმე, თვალები გადავატრიალე და ყურადღება კარებს შორის დარჩენილ პატარა ნახვრეტზე გადავიტანე, ვგრძნობდი, რომ იქიდან ვიღაცა გვიყურებდა, დარწმუნებული ვიყავი , რომ კარის მიღმა ის ბიჭი იდგებოდა, მინდოდა კარებთან მივარდნილიყავი და მოსმენის ფაქტზე დამეჭირა, მაგრამ ჩემმა ,,საყვარელმა ძმამ ოთახში წამათრია’’, იქ კიდე ერთი ლექციის წაკითხვის შემდეგ, საბოლოოდ დავითანხმე ოჯახის წევრები, რომ გარეთ გავეშვი, ერთადერთი პირობით, რომ ჩენი ,,სასტუმროს’’ მიდამოებში ვიქნებოდი.
როგორც ველოდი სადარბაზოს გასვლისთანავე ლუკა დავინახე. კუთხეში კედელზე მიყუდებული იდგა და თვისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. წამიერი ყოყმანის შემდეგ მასთან მისვლა გადავწყვიტე.
ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ მღელვარება იმატებდა, დღემდე მახსოვს, თითქოს გუშინდელი ამბავი ყოფილიყოს. თავში ათასობით სცენარს ვატრიალებდი, ზუსტად ვერ ვყალიბდებოდი, როგორ უნდა დამეწყო საუბარი ადამიანთან, რომლის სახელისა და ასაკის გარდა, არაფერი გამეგებოდა, მაგრამ, ჰოი, კიდევ ერთი სასწაული, ჩემდა საბედნიეროდ, ჩვენი საუბარი კვლავ თვითონ დაიწყო, ამოუხედავად ამოღერღა:
-ეს შენი ვინ იყო?
-ძძმა?- ცოტა დაბნეული ხმით ვუპასუხე
-ძმა?
-ხო, ჩემი დეგენერატი დიდი ძმაა!
-ძმა გყავს?- ისე მკითხა, თითქოს ეს სიტყვა პირველად ესმოდეს, დამიჯერეთ სახეზე ათასობით ემოცია ეხატა. ვერ ვხვდებოდი, გაღიზიანებული იყო, ბედნიერი თუ დაბნეული.
-კი დიდი ძმა მყავს. რა იყო?
-მეც მინდა ძმა.
- მერე მშობლებს სთხოვე და გაგიჩინონ.- ჩავიცინე მე,
მაგრამ როგორც კი ეს სიტყვები წარმოვთქვი, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, არ უნდა მეთქვა. შევატყვე, როგორ ადგილზე გაშეშდა. ერთი წუთით თავისი ცისფერი თვალებით ამომხედა. ვატყობდი, როგორი გაბრაზებული და სევდიანი იყო, დიახ, ერთდროულად. ხშირად მეუბნებოდნენ მშობლები, რომ შენზე გაბრაზებულნი ვართ და თან სევდით ვივსებით, მაგრამ არა, მათ თვალებში მხოლოდ სიბრაზეს, სიძულვილს ვხედავდი. ლუკაში კი მართლაც ორივე ერთდროულად ამოვიკითხე. ნეტავი ცნობილი მწერალი ვყოფილიყავი, მაშინ აუცილებლად გადმოგცემდით თითოეულ ემოციას, რომელიც მაშინ ვიგრძენი, მაგრამ არ შემიძლია, არ ვიცი, რას მოელოდით, უბრალოდ სუსტი გოგონა ვარ, ჩემთვის გრძნობებზე საუბარი ისეთივე რთულია,
როგორიც ორშაბათს დილის შვიდ საათზე ადგომა ყველა ნორმალური ადამიანისთვის, მაგრამ ერთს გეტყვით, მართლა ველოდებოდი , რომ რამეს მიპასუხებდა, მაგრამ ხმის მაგივრად მისი ცისფერი თვალიდან ჩამომხტარი ცრემლი შევნიშნე, ალბათ,, თვითონაც მიხვდა, რომ ტიროდა და ზურგი შემაქცია. მისი გაჩერება ვცადე მაგრამ ამაოდ, სადღაც სიბნელეში გაუჩინარდა. მეც რაღა დამრჩენია, ისევ ჩემს საყვარელ ოჯახს დავუბრუნდი. ოთახში კარი შევაღე, ყველანი თავიანთ დაკავებულ საწოლებზე იწვნენ. ჩვეულებრივ შემთხვევაში მათი ასეთი ქმედება ნერვებს მომიშლიდა, რადგან მართლაც ვერ ვიტან უყურადღებოდ დარჩენას, მაგრამ იმ დროს ამ ყოველივეს აზრი აღარ ჰქონდა, უბრალოდ ჩემს საწოლთან მივედი, ქურთუკი გავიხადე და საწოლზე დავეგდე, ტანსაცმლის გამოცვლა აზრადაც არ მომსვლია. მალევე სიზმრებმაც კარებზე დამიკაკუნეს და ჩამეძინა. დილას ცხრა საათზე გავიღვიძე. არემარეს რომ გადავხედე,
მივხვდი, რომ ყველას კიდევ ეძინა, ამიტომაც ქურთუკი კვლავ მოვიცვი და გარეთ გავედი. ალბათ, გაგიკვირდებათ, ასე ხშირად რატომ გავდიოდი გარეთ, ნუთუ ასე ძალიან მომეწონა იქაურობა? არა, უბრალოდ იმ ოთახში ყოფნა ჩემთვის შეუძლებელი იყო, არ მინდოდა ოთხ კედელს შუა გამოკეტილი ვყოფილიყავი, ამიტომაც წასვლამდე კიდევ ერთხელ თვალის შევლება გადავწყვიტე. სადარბაზოს კარები გავაღე აქეთ- იქით გამოვიარე და უცბად რას ვხედავ, პატარა ნანგრევი სახლის სახურავზე ლუკა იჯდა, თავისთვის მარტო, როგორც გითხარით, ზედმეტად სუსტი ვარ, ხოლო სისუსტეს შიში მოჰყვება. სახლში რომ ვყოფილიყავი, თავში ერთხელაც არ გამიელვებდა ის იდეა, რომ იქ ავმძვრალიყავი, მაგრამ ის დღე განსხვავებული იყო, დიახ რაღაცა გადაკარგული სოფლის, რაღაცა გადაკარგული შენობის სახურავზე ავძვერი. ასვლისთანავე ლუკა მომეგება:- აქ არ უნდა იყო!
-ბოდიში. უბრალოდ ჩავთვალე, რომ გუშინდელი ჩვენი საუბარი
ცუდად დამთავრდა და...
წინადადების დამთავრება არც კი უცდია, პირდაპირ უხეშად მიპასუხა:- სწორად ჩათვალე!
ვერც კი აგიხსნით, იმ მომენტში როგორ შემრცხვა, ალბათ, ვიღაცას შორიდან რომ ვენახე, სასწრაფოს გამომიძახებდა, რადგან დარწმუნებული ვარ, პომიდორივით ჩაწითლებული ვიდგებოდი. უკვე ტირილს ვაპირებდი, როდესაც თვითონ გააგრძელა საუბარი- აქ რა გინდა?
-უ... უბრალოდ შორიდან დაგინახე და არ ვიცი, ამოსვლა გადავწყვიტე.
- კარგი.
- აქ რას შვრები?
-რავი, ცხოვრებაზე ვფიქრობ, ხოლმე.- წამით გაჩერდა, შემდეგ დაამატა- წარსულზე. ამ სიტყვის თქმისას ხმის ტონი იმდენად შეეცვალა, რომ თავი ვერ შევიკავე და კვლავ ჩავეძიე:
-წარსულზე?
-კი წარსულზე.
- და რა ხდება წარსულში?
წამით შეჩერდა, ვატყობდი, რომ თავში ათასობით აზრი უტრიალებდა, შემდეგ კი უდარდელად წარმოთქვა:
-სადაური ხარ?
-ქართლელი- ცოტა დაბნეული ხმით ვუპასუხე, შემდეგ კი დავამატე- შენ?
-სად ცხოვრობ?
-თბილისში.- ცოტა მეწყინა, რომ ჩემი კითხვა ასე გაატარა, მაგრამ ჩხუბის თავი არ მქონდა.-შენ?
-აქ.
-რატომ? განა არ უნდათ შენს მშობლებს ქალაქში გადმოს..?
- მშობლები არ მყავს.- ისევ არ მაცადა წინადადების დასრულება,
მაგრამ აღარ გავბრაზებულვარ, უბრალოდ გავშეშდი, იმან კი განაგრძო.
ჩემ გამო არ ინერვიულო, არ მახსოვს არც დედა, არც მამა, სულ პატარა ვიყავი, როდესაც ორივე დავკარგე.-
ვცდილობდი ენას კბილებით მოვუჭირო, მაგრამ სულგრძელობამ მაინც თავისი გაიტანა და ისევ ჩავეკითხე
- რ..რ..როგორ დაკარგე?
- როგორ აგიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვცხოვრობ, არ ნიშნავს იმას, რომ აქ დავიბადე. სამაჩაბლოზე გსმენია?
-არა?
- ცუდია, საქართველოს ტერიტორიაა.
-მერე რა, საქართველოში ცხოვრებას მაინც არ ვაპირებ, აქაურობა გინახავს? გერმანიაში წავალ საცხოვრებლად.
-მოღალატე!
-გაჩუმდი! არ მიცნობ,- გამწარებულმა დავუყვირე
წამიერად შეჩერდა, სახეზე ეტყობოდა, რომ ჩემგან ასეთ შეკამათებას არ ელოდებოდა, მაგრამ დაბნეულობა მალევე დაძლია და საუბარი განაგრძო:- ხოდა, ადრე გორში ვცხოვრობდი. დედიკოსთან და მამიკოსთან.- ინტონაციაში ეტყობოდა, რომ ,მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ მითხრა, მშობლები აღარ ახსოვდა, მივხვდი ტყუოდა, რაღაცას მალავდა- ხუთი წელი,, ალბათ ყველაზე ბედნიერ ბავშვად ჩავითვლებოდი და მერე უფრო გავბედნიერდი. გუშინდელივით მახსოვს, როგორ გაისმა კარზე ზარის ხმა , ბებიაჩემი გვესტუმრა. ხალისი, გართობა, როგორც ხდება ხოლმე ოჯახის შეკრებისას. ვიცი, ეს ისტორია ჩემზე არაა, მაგრამ ხალისი და ოჯახი ერთად მეუცხოვა, წამიერად მის სიტყვებზე ჩავფიქრდი, დიახ, რაღაცას მეუბნებოდა , მაგრამ ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რეალობაში დაბრუნება მხოლოდ მაშინ შევძელი, როდესაც მისგან გავიგე- ხოდა, დედაჩემმა გამომიცხადა, პატარა ძამიკო
გეყოლება.
-ძმა? ანუ ძმა გყავს?
-მყავდა.- წამით გაჩერდა. ო, ნეტა ვიცოდე პირის მოკუმვა ხოლმე, ჩემი თავი შემძულდა, ალბათ, თვითონაც მიხვდა, რაც განვიცადე და დაამატა- არაუშავს, არ იცოდი, ჩემი ბრალია, უნდა მეთქვა.
-არა, არა, რა შენი ბრალია, მე მაპატიე, მაგრამ რა მოხდა?
-გავიგე, რომ ძმა მეყოლებოდა, ასე ცხრა თვე მოუსვენრად ველოდე მის გაჩენას, ექვსი წლის ასაკში პირველად დავინახე ჩემი უსაყვარლესი ძამიკო, როგორი პატარა და საყვარელი იყო, შემეძლო საათობით მეყურებინა მისთვის. ერთი სული მქონდა, როდის გაიზრდებოდა და შევძლებდით თამაშს.- ამოიოხრა- 2008 წლის აგვისტოში ბებიაჩემი გვესტუმრა და ,როგორც ყოველთვის, ჩემს ოთახში დაწვა. ის დღე გუშინდელივით მახსოვს. 9 აგვისტო, ბებიაჩემი და მე ქუჩაში ვსეირნობდით. ჩემთვის აუჩქარებელი ტემპით გადავადგილდებოდი,
როდესაც ბებიაჩემმა ხელი ჩამავლო და გაიქცა, დიახ, ჩვენი საცხოვრებელ კორპუსიდან შორს, გზაში კითხვებს ვუსვამდი, მაგრამ ამაოდ, არ მპასუხობდა. ბოლოს რაც მახსოვ, აფეტკების ხმა იყო. შემდეგი მოგონება უკვე საავადმყოფოს უკავშირდება. თვალები რომ გავახილე, ბებიაჩემი გვერდზე მეწვა, მაგრამ ჩემი მშობლები არსად ჩანდნენ. ბებიაჩემს ვკითხე, თუ რა ხდებოდა, მან კი მიპასუხა:,, მშობლებმა ნება დამრთეს, ცოტა ხანი ჩემთან ერთად იცხოვრებ.“ რა სულელი ვიყავი, როგორ დავიჯერე!- მის გვერდზე მდგარ შუშის ბოთლს ხელი სტაცა და გადააგდო. ნამსხვრევების ხმა გაისმა. მე გამომხედა და ცოტა ანერვიულებული ხმით განაგრძო- ბოდიში, ხოდა ბებიაჩემს გამოვყევი აქ... მაგრამ გავიდა ერთი თვე, ორი. ბებიაჩემი თავს არიდებდა ამ თემაზე საუბარს, კი ვუბრაზდებოდი, მაგრამ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ვენდობოდი, ამიტომაც მალევე ვურიგდებოდი. ცოტა დავმშვიდდი კიდეც, სანამ..- წამით გაჩერდა და გამომხედა, მერე ისევ
სოფელს გახედა, ნერწყვი გადაყლაპა, ცრემლი მოიწმინდა და ლაპარაკი განაგრძო- ბებიაჩემმა რძეზე გამიშვა, ხოდა, ჩემთვის მივსეირნობდი, როდესაც გზაში რაღაცა გაზეთს მოვკარი თვალი. ხშირ შემთხვევაში ასეთ ნაგლეჯებს ყურადღებას არც კი მივაქცევდი, მაგრამ ჩემი სახლი მეცნო, გესმის, ხოდა,მივვარდი იმ ნაგლეჯს და რას ვკითხულობ- ჩაფიქრდა, მერე ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაცა ფურცელი გამომიწოდა- მარტო სათაური წაიკითხე. მეც დავხედე ნაგლეჯს და ამოვიკითხე ,, გორის მცხოვრებთათვის ყველაზე ტრაგიკული 9 აგვისტო აღმოჩნდა, როცა რუსულმა ავიაციამ საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.“ ლუკას ავხედე, იმან კი ფურცელი გამომართვა, თავი ჩაღუნა და ძლივს წარმოთქვა- ჩემი კორპუსი. აი, მაშინ კი უკვე საბოლოოდ მივხდი, სად იყვნენ მისი მშობლები და ძმა. მინდოდა რამით მენუგეშებინა, მაგრამ არ გამომდიოდა სიტყვის მაგივრად ცრემლი მომდიოდა. ლუკა? ლუკა უბრალოდ მიყურებდა,
ასე ალბათ ხუთი წუთი, სანამ არ წარმოთქვა:
-კაი, პატარა ბავშვივით ნუ ტირი!
- არ ვტირი პატარა ბავშვივით. უბრალოდ შემეცოდე.
-შეგეცოდე? არა მგონია.
-რატომ ვითომ?
- რავი, გულცივი ადამიანი ხარ, რომელიც ,შენი თავის გარდა ,ვერაფერს ამჩნევს. გერმანიაში გინდა წასვლა ხო? და სამშობლო?
-სამშობლო?
- ხო, აქაურობას რას უშვრები, ტოვებ. გარბიხარ, მიდიხარ სხვა სახელმწიფოში, როდესაც გვერდზე ხალხი გიკვდება, უკეთეს მომავალს ეძებ, როდესაც შენი ვერ გამოგისწორებია.
- ჩემი ბედი და სამშობლოს ბედი ერთი და იგივე არაა. მე პატარა გოგო ვარ, მე არ მევალება ქვეყნის საქმეების მოგვარება!
- კი, მაგრამ შენც ამ ქვეყნის შვილი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს შენს
სახელს, გვარს, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ მშობლისთვის.
- ჩვენ საერთო მშობელი არ გვყავს.
- ცდები. საქართველო გვაერთიანებს ჩვენ ყველას, მაგრამ როგორ უნდა გაიგო, მოღალატე ხარ. შენც, შენც ზურგი აქციე აქაურობას. დედაშენს ზურგში დანა ჩაარჭეს, მიწასთან გაასწორეს.
- თუ თვითონ გადაწყვიტა დანებება, ჩემი ბრალი არაა.
- დანებება? არა ის კიდე იბრძვის, მაგრამ არ გამოსდის, რადგან ზევიდან რაღაცა აწვება და შენ? შენ იმის მაგივრად, რომ ზურგზე ხელი დაადო, ტკივილი მოურჩინო, წამოაყენო, ტოვებ ასე მარტოდ. მოღალატე ხარ, აბა რა ხარ!
- არ ვარ მოღალატე! მოკეტე!
- არ იქნებოდი, თუ სამშობლოს არ მიატოვებდი, არ მიგვატოვებდი.
მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ვერ მოვასწარი, მანქანის პიპინის ხმა გავიგე. განცვიფრებული ბებიაჩემი ქვევით იდგა და მიყვიროდა:
,, ახლავე ჩამოდი, სანამ შენმა ძმამ არ მოგაკითხა.“ წასასვლელი ვიყავი ვიცოდი, მაგრამ ლუკას ასე ვერ დავტოვებდი, ბოლოჯერ გავხედე და ვუპასუხე:- არ ვარ მოღალატე! გპირდები, არ ვარ.- წამით შევჩერდი და მერე დავამატე-და, და დაგიმტკიცებ, რომ არ ვარ.- ხელი ჩემს საყვარელ დათუნიას ვტაცე და შევტენე- რომ დაგიმტკიცებ ამ დათუნიას მოვაკითხავ.- გაეღიმა, ბრაზი, რომელიც წამის წინ ფეხის წვერიდან თავამდე ავსებდა, გადაუარა, მისი საყვარელი ნაგლეჯი ხელში ჩამიდო და წყნარი ხმით მიმიგო:- დაგელოდები.
მანქანაში ჩაჯდომისას კიდევ ერთხელ გავხედე, თავისი ცისფერი თვალებით მაცილებდა, ხელი დავუქნიე, იმან თავი დამიკრა და საბოლოოდ ღიმილით გამისტუმრა. გზაში ყურადღება ისევ ნაჯღაბნს მივაქციე და უცბად თავში დამარტყა, ჯიბიდან სწრაფად ამოვიღე ნაგლეჯი და ფანჯრის გვერდზე გავშალე, დიახ იმ თეთრ კედელზე ზუსტად ის კორპუსი ეხატა, მაგრამ სურათისგან განსხვავებით, ერთი ნაკაწრიც არ
ეტყობოდა წინ, კი ორი ახალგაზრდა ქალი და კაცი იდგა. ქალს ხელში ბავშვი ეჭირა. კაცის გვერდზე ბებია და პატარა ბიჭუნა იდგნენ. ერთადერთი გაფერადებული დეტალი იმ პატარა ბიჭის თვალები იყო. ცისფრად ბედნიერებას მატებდნენ იქაურობას. იმ სურათის ნახვის შემდეგ იმ მიდამოებში თითქოს სიცოცხლე ვიგრძენი. იმედი დავინახე.
4 წელი გავიდა. მის ნაგლეჯს დღემდე ვინახავ, რომ ერთ დღესაც ამაყად გავუწოდო უკან და სანაცვლოდ ჩემი დათუნია ჩავიხუტო.
***
გიორგი კუნჭულია
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $22.59+) -
BUY THIS BOOK
(from $22.59+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!